თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მონტაჟი მალე დასრულდება. როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან
აცნობეს, მშენებლობაზე რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტები მუშაობენ. გადახურვით სამუშაოებზე კი ქართველი, იტალიელი, თურქი და ჩინელი მშენებლები არიან დასაქმებული.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ლითონის კონსტრუქცია თურქეთში აეწყო. საქართველოში ის 40 ქართველმა შემდუღებელმა ჩამოიტანა, ხოლო სამონტაჟო სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი სერვისცენტრი პირველი მომხმარებლების მიღებას შემოდგომიდან შეძლებს.
თბილისის იუსტიციის სახლის პროექტი იტალიელ არქიტექტორს მასიმილიანო ფუკსას ეკუთვნის. შენობა ოთხსართულიანია და მისი საერთო ფართობი 27 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მხოლოდ მომსახურების დარბაზი 7 000 კვადრატული მეტრია და 300 ოპერატორზეა გათვლილი. არსებული სტატისტიკით, თბილისის იუსტიციის სახლი დღის განმავლობაში 15 000-20 000-მდე ტრანზაქციას განახორციელებს.
