ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის კვლევა ჩაატარა, რომელმაც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მთელი რიგი ხარვეზები და დარღვევები გამოავლინა.
როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, კვლევამ აჩვენა, რომ ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს, არსებულისგან განსხვავებით, სადაზღვევო კომპანიის არჩევის საშუალებას არ იძლევა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოში საავადმყოფოების მნიშვნელოვანი ნაწილი სადაზღვევო კომპანიების ან მათი შვილობილი კომპანიების მიერ იმართება, რაც აშკარად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტია.
„გარდა ამისა, როდესაც სადაზღვევო კომპანია ჩართულია წამლის წარმოების ბიზნესში, მომხმარებლის უფლებები ირღვევა, რადგან მას შეუძლია მხოლოდ იმ მედიკამენტების შეძენა, რომელსაც კონკრეტული სადაზღვევო კომპანია აწარმოებს“ - განაცხადა გიგაურმა.
მისი თქმით, საკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა უფლებები, რაც მათ დაზღვევის შესაძლებლობებით სრულად სარგებლობის საშუალებას მისცემდა. სადაზღვევო პაკეტის სრული შესაძლებლობის შესახებ სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა 2%-ზე ნაკლებმა იცის.
ამ და სხვა ხარვეზებიდან და დარღვევებიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.
კერძოდ, გიგაურის თქმით, საავადმყოფოები უნდა მართონ დამოუკიდებელმა მენეჯმენტ-კომპანიებმა და არა სადაზღვევოების შვილობილმა კომპანიებმა. ამასთან, ბენეფიციარს მზღვეველის არჩევის უფლება უნდა მიეცეს.
„ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააფართოვოს დამტკიცებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა, რომელთა შეძენა ბენეფიციარებს სახელმწიფოს 50%-ნი თანამონაწილეობით შეუძლიათ. ნუსხას დასამატებელი პრეპარატების დასადგენად სამინისტრომ კვლევა უნდა ჩაატაროს“ - განაცხადა გიგაურმა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ორგანიზაციის კვლევას უკვე გაეცნო.
