მიმდინარე წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრს, ჯაბა ლაბაძეს და მის
მოსწავლეებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებს სემინარი ვიკიპედიისა და ვიკიტექნოლოგიების გამოყენებაზე ჩაუტარა. ჯაბა ლაბაძე 2008 წლიდან დარეგისტრირებულია ქართულენოვან ვიკიპედიაში და დაწერილი აქვს 12,300 ენციკლოპედიური სტატია. მან ხაშურისა და სურამის ორ ბიბლიოთეკაში ვიკი-კლუბი დააარსა, ის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ხვდება და ვიკი-ტექნოლოგიებსა და ვიკიპედიაში სტატიების განთავსებას ასწავლის. მისი პედაგოგიური პრაქტიკის მთავარი მახასიათებელია სიახლის ძიება და სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომების გამოყენება.
თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მეოცე საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე, იმ დროს არსებულ სირთულეებსა და დაარსებასთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებზე ესაუბრა; გააცნო უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამები, სწავლასა და კვლევისათვის საჭირო მატერიალური შესაძლებლობები. ასევე, დათვალიერებინა უნივერსიტეტის მუზეუმი და ბიბლიოთეკა.
სემინარის დასასრულს სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლებმა საჩუქრად უნივერსიტეტის გამოცემული წიგნები მიიღეს.
