სტამბოლის სიახლოვეს გემზე მიტოვებული ქართველი მეზღვაურების საქმეში თურქეთში საქართველოს საელჩო ჩაერთო.
საქართველოს კონსულის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, საელჩო გემის მფლობელ კომპანიას და მეზღვაურებს უკვე დაუკავშირდა.
„გემის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ქართველ მეზღვაურებს კუთვნილ გასამრჯელოს 3 აგვისტომდე გადაუხდიან, რის შემდეგაც მათ საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ“ - აღნიშნა პატარაძემ.
მისივე თქმით, ქართველი დიპლომატები პრობლემის დროულად მოსაგვარებლად თურქ სამართალდამცავებთანაც თანამშრომლობენ.
სტამბოლის პორტის სიახლოვეს თურქი მეიჯარეების მიერ მიტოვებული სატვირთო გემი, რომელზეც 6 ქართველი მეზღვაურია, 3 თვეა საშიში ტვირთების ტერმინალზე დგას, მეზღვაურებს კი, 6 თვეა ხელფასი არ მიუღიათ. ბერძნულ-ამერიკული კომპანიის კუთვნილი გემი თურქულ მხარეს იჯარით ჰქონდა აღებული, თუმცა, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, მათ გემი პორტში მიატოვეს.
მეზღვაურების განცხადებით, მათ უკვე ამოეწურათ საკვებისა და სასმელი წყლის მარაგი და ეკიპაჟის წევრები სტრესულ მდგომარეობაში არიან.
