სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ოლიმპიელი სპორტსმენების ფულადი ჯილდოების ოდენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ამის შესახებ სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რამდენიმე მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა ფულადი ჯილდოების ოდენობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიასაშუალებებში გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ოქროს მედალოსან ქართველ სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ სახელმწიფო 1 200 000 აშშ დოლარით დააჯილდოვებს.
„სამინისტრო არ მიიჩნევს ეთიკურად მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, მაშინ, როდესაც ოლიმპიადაზე წასულ თითოეულ ქართველ სპორტსმენს წინ საკმაოდ დაძაბული ასპარეზობა ელის” - აღნიშნულია ვარძელაშვილის უწყების განცხადებაში.
ამასთან, სამინისტრო ადასტურებს, რომ ლონდონის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული ინდივიდუალური და გუნდური სახეობის სპორტსმენებისთვის სახელმწიფოს ნამდვილად აქვს გათვალისწინებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოები, თუმცა, ამ ჯილდოს კონკრეტული ოდენობა თითოეული სპორტსმენისთვის განისაზღვრება მიღწეული შედეგებით და მედლების საერთო ოდენობით.
ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი გახდება მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ.
