„ახალგაზრდა ადვოკატები“ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის ადმინისტრაციას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის ადმინისტრაციას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს
16:01 26.07.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ წარმომადგენლებმა სააგენტო „ინფო9“–ის ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სააგენტოს ადგილობრივ ჟურნალისტს სალომე ზაქარიაძესა და ოპერატორს ედნარ ემირიძეს კოლეჯის დაცვის სამსახურმა, მიღებული დირექტივების შესაბამისად, საშუალება არ მისცა კოლეჯის დირექტორის მოადგილის თამარ კაიკაციშვილის სამსახურიდან დათხოვნის საკითხზე რეპორტაჟი მოემზადებინა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სააგენტოს საინფორმაციო ჯგუფი კოლეჯის ტერიტორიაზე დილის 10:30 საათიდან 12:30 საათამდე იმყოფებოდა, რა პერიოდშიც, დაცვის სამსახურმა მათ მესამე პირებთან კომუნიკაცია აუკრძალა. ჟურნალისტები იძულების წესით კოლეჯის ეზოდან გაიყვანეს, რის შემდეგაც კოლეჯში დაცვის განსაკუთრებული ზომები მიიღეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია. კერძოდ, სახეზეა იძულება, სიტყვის თავისუფლების ხელყოფა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. ისინი მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვენ.

ბეჭდვა