მიხეილ ბატიაშვილი: სულხან-საბა ორბელიანმა გაკვალა საქართველოს ევროპული განვითარების გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით
მიხეილ ბატიაშვილი: სულხან-საბა ორბელიანმა გაკვალა საქართველოს ევროპული განვითარების გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით
11:51 04.11.2018
„სულხან-საბა ორბელიანმა გაკვალა საქართველოს ევროპული განვითარების გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, სავსეა ქვეყნისადმი უანგარო მსახურების, ადამიანის ღირსების პატივისცემის, ცოდნისა და განვითარებისაკენ უწყვეტი სწრაფვის იდეალებით“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წლის იუბილესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის კონკურსები თუ პროექტები, რომელიც სულხან-საბას უკვდავ სახელს უკავშირდება როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და კულტურული მიმართულებით უწყვეტად გაგრძელდება.

მინისტრმა სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლზე, მის მიერ ქართულ მწერლობასა და მეცნიერებაში დატოვებულ უზარმაზარ კვალზე ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ უდიდესი ქართველი განმანათლებლის, ჩვენი კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედის იუბილე არა მხოლოდ წელს, მუდამ განსკუთრებულად აღინიშნება, რადგან მისი როგორც ქართული სალიტერატურო ენისა და ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელის, დოკუმენტური პროზისა და მხატვრული შემოქმედების ნოვატორის, სამაგალითო დიპლომატის, დიდი სასულიერო და სახელმწიფო მოღვაწის როლი საქართველოსთვის ფასდაუდებელია:

„ნებმისმიერი ერის ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც მსგავსი საპასუხისმგებლო მისია იტვირთა და წარმოუდგენელი მასშტაბების ძალისხმევა მოახმარა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საძირკველის ჩაყრას“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბეჭდვა