საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თბილისის სასწრაფო დახმარების ის 58 ექიმი დააჯილდოვეს,
რომელთაც 3 ივლისს, ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს აქტიური დახმარება აღმოუჩინეს.
პრემიერმა მათ მადლობის სიგელები და ფულადი პრემიები გადასცა, ხოლო გამორჩეულები კი, ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ.
როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ჯანდაცვა საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ხოლო ხალხისთვის ყველაზე საჭირო და აუცილებელი სარგებელი სასწრაფო სამედიციო დახმარების თანამშრომლებს მოაქვთ.
„ეს პროფესია არის ძალიან მძიმე და ხშირად სახიფათო, რასაც თუნდაც 3 ივლისს მომხდარი ფაქტიც ადასტურებს. ამ დღეს სწორედ თქვენმა თავგანწირვამ და გმირულმა საქციელმა გადაარჩინა უამრავი ადამიანი“-განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, ხელისუფლება მედ-პერსონალის - ექიმებისა და ექთნების ხელფასების ზრდაზეც იზრუნებს.
3 ივლისს, ლილოს დასახლებაში, ერთ-ერთი კერძო კომპანიის კუთვნილი ავზიდან ქლორმა გაჟონა. შემთხვევის შედეგად, მოიწამლა 70-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ორი ორსული და რამდენიმე ბავშვი. შემთხვევას 18 წლის ლაშა ნარიმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
