მომავალი წლის ბიუჯეტში შშმ პირებთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების გაზრდაზე
იმსჯელეს პარლამენტში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების წარმომადგენლები შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა რიგი გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახება. „მთავრობა ხუთჯერ გაზრდის დახმარებას და სოციალურად დაუცველ ოჯახებში ნაცვლად 10 ლარისა, თითოებულ ბავშვზე გამოყოფილი იქნება 50 ლარი, რაც აღმოფხვრის ბავშვებში უკიდურეს სიღარიბეს. ეს ეხება 143 ათას ბავშვს, მათ შორის შშმ ბავშვებს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.
მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ შშმ პირებთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაიზრდება. „მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე პირველი ეტაპის მოსმენები ჩატარდა. ჩვენ მთავრობის მიმართ კონკრეტული შეთავაზებები და მოთხოვნები გვქონდა, რომ გარკვეული მიმართულებებით იმ ვალდებულებების რეალიზება მოხდეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ გვაქვს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მზრუნველობის საგანია. ასევე, საუბარია მთელ რიგ საკითხებზე - დაწყებული ე.წ. მეორე ჯგუფის შშმ ადამიანებისთვის პენსიის მომატებაზე. ჩვენ ეს მოთხოვნა დავაყენეთ და პასუხს მოვისმენთ. ასევე, უნდა მოხდეს შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის გაზრდა, დღის ცენტრების დაფინანსების გაზრდა, რაც ბიუჯეტის პროექტში უკვე ასახულია“, - განაცხადა კომიტეტის თვამჯდომარემ.
შეხვედრის მონაწილე შშმ ბავშვთა მშობლებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდებიან სკოლებსა და კლინიკებში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის თქმით, ამ ეტაპზე საუბარი შეეხება 2019 წლის ბიუჯეტის ფორმირების საკითხს, „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი, მისი პარამეტრები მაქსიმალურად იყოს მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს და ინტერესებს. დღეს გავიარეთ თითოეული ის საკითხი, რომელსაც ისინი თვლიან პრიორიტეტულად. ამ პრობლემების ძირითადი ნაწილი ჩვენ უკვე გადაგზავნილი გვაქვს სამინისტროებში შესასრულებლად და ველოდებით მათგან პასუხებს. თუმცა, კიდევ გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომლებიც შეიძლება ბიუჯეტის შესახებ კანონის ფორმატს არ ესადაგებოდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია მათზე მუშაობა, იგივე მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ორგანიზაციებთან ერთად იმისთვის, რომ თითოეული ინიციატივა განვიხილოთ და რეფორმა ჩავატაროთ შშმ ადამიანების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, მისი მოადგილე რატი იონათამიშვილი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წარმომადგენელი.
