მაგდა ანიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის საკითხი იყო.
როგორც ანიკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჯანდაცვა პრობლემაა ყველა მოქალაქისთვის. სოციალური გარანტიების არაარსებობა კი - საზოგადოებაში მუდმივ დაუცველობის და უიმედობის განცდას ბადებს.
ანიკაშვილის თქმით, ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა საპენსიო რეფორის მიღმა მარჩენალდაკარგული ბავშვები, ტერიტორიული მთლიანობის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები და ომის ვეტერანები დარჩნენ.
მისივე განმარტებით, მხოლოდ პენსიის სახელწოდებები იცვლება და არა თანხის რაოდენობა, რადგან არც ერთი ტიპის პენსია არ არის მიახლოებული საარსებო მინიმუმთან.
"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იღებდეს თანაბარ პენსიას.
"რეგიონებში მცხოვრები 3000-ზე მეტი ინვალიდი ბავშვი დაზღვევის გარეშეა დარჩენილი. ქვეყანაში ყველაზე ხშირად გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების გამო იღუპებიან, მათ სახელმწიფო დაავადების დაგვიანებულ სტადიაზე მკურნალობს", - განაცხადა ანიკაშვილმა.
პრეზიდენტმა თავის მხრივ ანიკაშვილი საავადმყოფოების გახსნაზე მიიწვია და სურვილი გამოთქვა, ისწავლოს თუ როგორ უნდა დააზღვიოს მეტი მოქალაქე.
