საქართველოში „თბილისის ჰელსინკის ჯგუფი“ დაფუძნდა
საქართველოში „თბილისის ჰელსინკის ჯგუფი“ დაფუძნდა
12:06 26.07.2012
საქართველოში „თბილისი-ჰელსინკის ჯგუფი“ დაფუძნდა. პრეზენტაცია ჯგუფის წევრებმა დღეს გამართეს.
როგორც „თბილისის ჰელსინკის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ქეთი ბექაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯგუფი ადამიანის უფლებათა კომისიის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც 2007 წელს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის კახა კუკავას ინიციატივით შეიქმნა.
„თბილისის ჰელსინკის ჯგუფი“ პოლიტიკური პატიმრების საქმეებს შეისწავლის. აღნიშნული ჯგუფი არ არის „ჰელსინკის კომიტეტის“ ალტერნატივა, რომელიც თავის დროზე მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ შექმნეს. „თბილისის ჰელსინკის ჯგუფს“ უკვე პოლიტიკური პატიმრის სტატუსი 118 პირისთვის აქვს მინიჭებული. ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“- განაცხადა ბექაურმა.
„თბილისის ჰელსინკის ჯგუფის“ წევრები, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი პირები და იურიტები არიან.
ჯგუფში შედიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები ნათია კორკოტაძე და ირმა ჭკადუა, „პატიმართა თანამეგობრობა“ - ლალი აფციაური, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ - ნანა კაკაბაძე, ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გელა ნიკოლაიშვილი და სხვები.

ბეჭდვა