თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის 3 აღსაზრდელი საავადმყოფოში მოათავსეს
თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის 3 აღსაზრდელი საავადმყოფოში მოათავსეს
10:13 26.10.2018
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ადგილი ჰქონდა აღსაზრდელთა ჰოსპიტალიზაციის ფაქტს, 3 აღსაზრდელი მკურნალობას გადის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში. პატარებს აღენიშნებათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება.

მიმდინარე პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება იმატებს ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად.

ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დადგინდეს, რა გახდა ბავშვების ინფიცირების მიზეზი - საკვები თუ ვირუსული ინფექცია.

ბეჭდვა