„მაესტროს“ მხარდასაჭერი აქციები პერმანენტულად გაიმართება
„მაესტროს“ მხარდასაჭერი აქციები პერმანენტულად გაიმართება
17:50 25.07.2012
ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდასაჭრად მედიის წარმომადგენელთა აქციები პარლამენტის წინ პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ტელეკომპანიის კუთვნილ ქონებას ყადაღა არ მოეხსნება.
ამის შესახებ დღეს გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა. მისი თქმით, სოლიდარობის აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს, ვინაიდან მათი მოთხოვნები კანონიერია.
„სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ტელეკომპანიების - „კავკასიის“, „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ საშუალებით მივაწვდით“- განაცხადა ტუღუშმა.
დღევანდელი აქცია პარლამენტთან ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.
„მაესტროს“ მხარდამჭერ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დაყადაღების ფაქტი გააპროტესტეს. აქციაზე წარმოდგენილი იყო პლაკატები სატელიტური თეფშების გამოსახულებითა და წარწერებით - „იძებნება“ და „ეჭვმიტანილია“.
აქციის მონაწილეებმა სატელიტურ თეფშზე სიმბოლურად ხელმოწერებიც დატოვეს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეცემა.

ბეჭდვა