არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, წინასაარჩევნოდ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განაცხადა, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრად 20 ადამიანია დასახელებული, ასზე მეტი პოლიტპატიმარი კი - ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ განიხილება როგორც პოლიტპატიმარი ან პოლიტიკურად დევნილი.
„დღეს საქართველოში განსაკუთრებული პერიოდი დგას, პოლიტიკურ პარტიებში გაჩნდა ხელისუფლების შეცვლის მოლოდინი და ამ შესაძლებლობის რეალობის განცდა. არაერთ პარტიას გამოუხატავს მზადყოფნა - მოვიდეს ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვუგზავნით მიმართვას, რომლის საფუძველზეც მათ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ“ - აღნიშნა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, მიმართვაში მრავალი კითხვაა დასმული, მაგალითად, აღიარებენ თუ არა ისინი ამ ადამიანებს პოლიტიკურ პატიმრებად, აპირებენ თუ არა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებული პირების რეაბილიტაციასა და სამართლებრივი გზით მათ გათავისუფლებას, ასევე, არასამათავრობო ორგანიზაციას აინტერესებს, ამოქმედდება თუ არა ის შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებულია „პოლიტიკურ მსხვერპლთა შესახებ“ 1997 წელს მიღებული საქართველოს კანონით.
არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციურ პარტიებთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მიმართავს.
