ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს.
აქციას სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებიან.
მონაწილეებს პლაკატები უჭირავთ, რომლებზეც გამოსახულია სატელიტური თეფშები წარწერით - „იძებნება“.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სიმბოლურად თეფშებიც მიიტანეს.
როგორც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, აქციის მიზანი იმ უკანონობის აღკვეთაა, რომელიც ხელისუფლებამ ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ განახორციელა.
„ხელისუფლებას „მაესტროს“ კუთვნილი ქონება ხელიდან უნდა გამოვტაცოთ“- განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, ყადაღა „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებს უკანონოდ ადევს და ხელისუფლება რაც მალე მოხსნის ყადაღას, მით უკეთესი იქნება.
პროკურატურის ინფორმაციით, „მაესტროს" ანტენები პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიის - შპს „ელიტა-ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით, თვალთმაქცური გარიგებების გზით შემოჰქონდა და ისინი „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით უნდა დარიგებულიყო.
