ქართული მხარე ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის (ESCA) დანაშაულთან ბრძოლის კომპონენტის უსაფრთხოების ექსპერტთა მე-2 შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც მეხიკოში გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) მეგობარი ქვეყნის სტატუსით მიიწვიეს.
ქართულმა დელეგაციამ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას ხელმძღვანელობით, საგნობრივ განხილვებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს შსს-ს აკადემიის ბაზაზე ცენტრალური ამერიკის პოლიციის სხვადასხვა რანგის ოფიცრების გადამზადების თაობაზე საკუთარი შეთავაზება წარადგინა.
საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, ქართული მხარის შეთავაზება საბოლოო პროექტის სახეს ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სისტემის წევრ და მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციებისა და არსებული საჭიროებების დაზუსტების შემდეგ მიიღებს.
შეხვედრის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ მექსიკის, ჰონდურასის, გვატემალას, ელ-სალვადორის, პანამის, კოსტა-რიკისა და დომინიკის რესპუბლიკის დელეგატებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. განიხილებოდა საქართველოს გამოცდილების გაზიარება უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების სფეროში და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მექსიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალხაზ მიქელაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გელა სეხნიაშვილი და შსს-ს აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე.
