ზოგადი ვითარების გაუმჯობესების მიზნით, წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ, USAID-ის და IFES-ის დაფინანსებით 8 ახალი პროექტი განხორციელდება.
როგორც დღეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტების პროექტების პრეზენტაციაზე აღინიშნა, ისინი მიმართულია ამომრჩევლის დახმარებაზე - მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.
კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ახორციელებს ორ პროექტს უნარშეზღუდული ამომრჩევლისთვის. პირველი პროექტი ითვალისწინებს ამ კატეგორიის ელექტორატის ინფორმირებულობის ამაღლებას და არჩევნებში მონაწილეობის მოტივაციის გაზრდას, მეორე კი - მათი საჭიროების შესწავლას და არჩევნების დროს მათ გათვალისწინებას. ამისთვის ორგანიზაცია, ქვეყნის მასშტაბით, კარდაკარ შემოივლის და გამოკითხვას ჩაატარებს. ჯანდაცვის სამინისტრროდან მიღებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 13 ათასი უნარშეზღუდული ამომრჩეველია, თუმცა, კოალიცია ვარაუდობს, რომ „კარდაკარის“ შემდეგ, ეს ციფრი გაიზრდება.
ამასთან, „სამოქალაქო კულტურის ცენტრი“ წარმოადგენს საარჩევნო ვებ-პორტალს, სადაც ანალიტიკური მასალა, გზამკვლევი და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ყოველკვირეული მიმოხილვა განთავსდება.
პროექტს ახორციელებს, ასევე, ტელეკომპანია „კავკასია“, რომლის ეთერით გავა დებატების ციკლი, სულ 10 გადაცემა. პირველი გადაცემა ივნისში უკვე გავიდა ეთერში. არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ გადაცემა ყოველკვირეული იქნება.
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ დებატების ფორმატის გადაცემას გააკეთებს, სადაც ოთხი კვალიფიციური სუბიექტი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“, „ქდმ“ და „ლეიბორისტები“ კონკრეტულ - სოციალურ, ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკის, ტერიტორიული მთლიანობის, სამართლებრივი რეფორმის, ადამიანისა და მედიის უფლებების თემებზე ისაუბრებენ. არჩევნებამდე ჩაიწერება 9 დებატი და გადაცემა გავა რეგიონული ტელევიზიებისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით.
პროექტს განახორციელებს რადიო „ძველი ქალაქიც“, რომელიც ქუთაისსა და მთლიანად იმერეთის რეგიონში მაუწყებლობს. მისი ეთერით გავა როგორც დებატების ისე ანალიტიკური ფორმატის გადაცემები.
„ინტერნიუსი-საქართველო“ 6 თვის განმავლობაში განახორციელებს რეგიონული ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წინასაარჩევნო პერიოდში ფარული, პოლიტიკური, სოციალური და ფასიანი პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგს ატარებს. როგორც აღინიშნა, დაკვირვება ხორციელდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედის“, „რუსთავის 2“-ის, „კავკასიის“, „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერით გასულ რეკლამებზე.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე დაჯამებულია 18 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, რამაც გამოავლინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ეთერით ჭარბობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეკლამა. სოციალური რეკლამის ნიღბით ტელეკომპანიები ფარულ პოლიტიკურ რეკლამას აწარმოებენ. მედია პოლარიზებულია - ერთი ბანაკი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“ და მეორე ბანაკი - „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“.
„ადამიანის ულებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“, რომლის მიერ დამზადებული პოლიტიკური კლიპი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ტელეკომპანიების ეთერით გადის და ის სკანდალური ფასიანი პოლიტიკური რეკლამაა.
აღნიშნული რვა საარჩევნო პროექტის დაფინანსებაზე გაცემული გრანტების რაოდენობა 240 ათას აშშ დოლარია. პროექტისთვის ორგანიზაციები კონკურსის წესით შეირჩა.
