ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაცია იწყება
ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაცია იწყება
15:19 25.07.2012
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაცია ჩატარდება.
ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნულის თაობაზე, დღეს, თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარის მოსახლეობასთან ისაუბრა.
პრემიერის თქმით, ეს არის სახელმწიფო პროგრამა და ის დაავადებათა პრევენციაზეა ორიენტირებული.
პროგრამის თანახმად, 1 აგვისტოდან „თურქულის“, ხოლო 1 სექტემბრიდან „ჯილეხის“ დაავადებაზე დაიწყება ვაქცინაცია.
მისივე თქმით, ამ მიზნით, იტალიიდან „თურქულის“ 950 000, ხოლო უკრაინიდან და რუმინეთიდან „ჯილეხის“ 180 000 ვაქცინა შემოვა.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ვაქცინაციის განსახორციელებლად 250 მობილური ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, 53 მუნიციპალიტეტის 3000 სოფელში საქონელს ადგილზე აცრავენ.
„უკვე გაცემულია განკარგულება და ქვეყნის მასშტაბით, ვეტექიმების მობილიზაცია და ახლი ინსტრუმენტებით მათი აღჭურვა მიმდინარეობს. ამასთან, დავიწყეთ პირუტყვის აღრიცხვა. ყველა ძროხა უნდა დაინომროს. ვაქცინაციის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში პირუტყვი საფრთხისგან დაზღვეული იქნება“- განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, პირუტყვის ვაქცინაცია ერთჯერადი აქცია არ იქნება და ის სისტემატურად განხორციელდება.

ბეჭდვა