„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ და „მეტყევეთა ასოციაცია“ კახეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და ,,მეტყევეთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა პროფესორმა თემურ კანდელაკმა ისაუბრეს.
ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, საქართველოს რეგიონებში სტიქიური უბედურებები ბუნებრივი რესურსებისადმი ხელისუფლების არასწორმა და არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ გამოიწვია.
მისი განმარტებით, განადგურებულია ქარსაფარი ზოლები და სოფლების გარშემო არსებული ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები, ხოლო სახელმწიფო ტყეებში უკანონო ჩეხვა მიმდინარეობს. მჟავანაძის თქმით, აღნიშნულზე სახელმწიფოს მხრიდან არავითარი რეაგირება არ ხდება, რის გამოც ტყეებს ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციები დაკარგული აქვთ.
„შესაბამისად ერთ-ერთ მიზეზად იმ უბედურებისა, რაც კახეთში მოხდა, სწორედ სატყეო სექტორში არსებული მძიმე ვითარებაა. საქართველოში და მათ შორის კახეთში ტყის უკანონო ჭრებით ყოველწლიურად 2 მლნ მ3 ხე-ტყე ნადგურდება. დღეისთვის, გრძელვადიანი იჯარით უკვე გაცემულია 200 0000 ჰა ტყის მასივი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით უნდა შეივსოს. სწორედ ამ თანხის საფასურად, საქართველოში მთის ტყეები ნადგურდება“- განაცხდა მჟავანაძემ და დასძინა, რომ 1990 წლის მონაცემებით, სატყეო სექტორში 11 700 პირი იყო დასაქმებული, დღისთვის კი, ამ დარგში დასაქმებულ პირთა რიცხვი 700-ს არ აღემატება, ხოლო სატყეო მეურნეობის ყოველწლიური დაფინანსება 23 მლნ ლარიდან 7 მლნ-მდე შემცირდა.
„მეტყევეთა ასოციაციის“ პრეზიდენტის თემურ კანდელაკის თქმით, დღეის მდგომარეობით, ტყის ბუნებრივი განახლებისა და ხელშეწყობის ღიონისძიებები არ მიმდინარეობს. ასევე არ ხორციელდება ტყის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც კანდელაკის განმარტებით, იმ შედეგებს იძლევა, რაც კახეთსა და სხვა რეგიონებში მოხდა.
