ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელები საბაჟოზე ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკის გაჩერების მიზეზებს არკვევენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა, ახალი სტუდიის დეკორაციის შემადგენელი ვიდეოკედელი, რომელიც რამდენიმე მონიტორისგან შედგება, საბაჟოზე გააჩერეს.
მისივე თქმით, ტელეკომპანიას დეკორაციული ვიდეოკედელი ახალი გადაცემისთვის შემოჰქონდა, რომელიც უცხოეთიდან ჩამოყვანილ სპეციალისტთა ჯგუფს უნდა დაემონტაჟებინა.
„ახალი გადაცემა სექტემბერში უნდა გავიდეს და აუცილებელია ამ დეკორაციის დამონტაჟება. სპეციალისტები გვყავს ჩამოყვანილი უცხოეთიდან, რომელებიც ამ ტვირთს ელოდებიან და ვერ აგრძელებენ მუშაობას“-განუცხადა „ნიუსპრესს“ კიკაბიძემ.
მისივე თქმით, თავად ის საბაჟოზე იმყოფება, სადაც ტვირთის შემოტანის შესახებ ნებართვა უკვე გაიცა.
„საბაჟოზე გვითხრეს, რომ კამერალური შემოწმება უნდა დაეწყოთ, ახლა ამბობენ, არანაირი პრობლემა არ არისო. ვერ ვხვდები, ალბათ თამაშობენ და ერთობიან. თუ არაფერი შეიცვალა, ტექნიკას უპრობლემოდ შემოვიტანთ“- აღნიშნა კიკაბიძემ.
