კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები აღნიშნულ უწყებასთან თეატრალიზებული აქციით გააპროტესტა.
აქციაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებმა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მიიტანეს, რაც აქციის ორგანიზატორის შოთა ძაგნიძის განცხადებით, გამოსახლებული ადამიანების სიმბოლოა.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბოლო პერიოდში უამრავ უკანონობას ჩადის და ამის ერთ-ერთი მაგალითი კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შემწირველების დაჯარიმებაა.
„დღევანდელ აქციას ჰქვია - „ბოქლომი ყველაფერს“. მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას სურთ, ყველაფერს ბოქლომი დაადონ, ყველაფერი დააყადაღონ და ხალხი ქუჩაში დატოვონ. ხელისუფლება ებრძვის იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურ პარტიათა სასარგებლოდ შემოწირულობა განახორციელა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - შეწყვიტონ ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომელთაც სურთ, „ქართულ ოცნებას“ დაეხმარონ“ - განაცხადა ზურაბიანმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და ხელისუფლება მსგავსი ტიპის უკანონობებით „შორს ვერ წავლენ“ და ხალხი მათ პასუხს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს.
