ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ხვალ მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ გაიმართება. კონფერენციის თემატიკა თბილისის უნივერსიტეტის დაარსება და ოსური ენის შესწავლისა და სწავლების საკითხებია.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს ხელი შეუწყოს.
კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.
ღონისძიებაზე სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა იმუშავებს. კონფერენციაზე მოხსენებები მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებებზე გაკეთდება, როგორებიცაა: ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, მიგრაცია.
