თბილისის მერიის ეგიდით დაარსებულმა იურიდიულმა კლინიკამ - „ჩემი ადვოკატი“, თბილისის ღია
სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში 4-თვიან პრაქტიკულ კურსს გაივლიან. კურსის განმავლობაში სტუდენტები, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. რაიონული გამგეობების ოფისებში განაწილებული სტუდენტები სამართლებრივ დოკუმენტებს შეადგენენ და როგორც სასამართლოში, ისე თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობას განახორციელებენ.
იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“ 9 უმაღლეს სასაწავლებელთან თანამშრომლობს. 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, პროფესიული გადამზადება ოთხასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა, ხოლო წლის ბოლომდე სამართლებრივ პრაქტიკას ექვსასამდე სტუდენტი გაივლის.
„ჩემი ადვოკატის“ საქმიანობის მთავარ მიზანს მოქალაქეებისათვის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში უფასო, იურიდიული დახმარების გაწევა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკული იურიდიული განათლების მიცემა წარმოადგენს.
