მედიასაშუალებები „მაესტროსთვის“ ქონების დაბრუნებას მოითხოვენ
მედიასაშუალებები „მაესტროსთვის“ ქონების დაბრუნებას მოითხოვენ
13:16 24.07.2012
მედია ტელეკომპანია „მაესტროს“ ქონებაზე ყადაღის მოხსნას და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“, გაზეთ „რეზონანსის“, ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“, ტელეკომპანია „კავკასიისა“ და  „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან გრძელდება მედიაზე ზეწოლა და ამ მიმართულებით, მორიგი ნაბიჯი „მაესტროს“ ქონების დაყადაღებაა.
„ეს არ არის მხოლოდ „მაესტროს“ თემა, არამედ მთელ მედიას ეხება. ჩვენ ხელისუფლების ამ ქმედებებს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აღვიქვამთ“- განაცხადა ტუღუშმა და დასძინა, რომ მედიის წარმომადგენლები იქამდე იბძოლებენ, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება და „მაესტროს“ წართმეული ქონება არ დაუბრუნდება.
„ცხელის შოკოლადის“ რედაქტორის შორენა შავერდაშვილის თქმით, პროკურატურის ბრალდებაში, რომლის საფუძველზეც „მაესტროს“ თეფშები დააყადაღეს, არ არის არავითარი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ ეს კანონიერი გადაწყვეტილებაა და არა პოლიტიკური ბერკეტი მედიის წინააღმდეგ.
მისივე თქმით, თუ რამდენიმე წლის წინ უშიშროების სამსახურები მედიასაშუალებებს პირდაპირ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ახლა მათი ზემოქმედების მექანიზმები შეიცვალა და ხელის შეშლა „სამართლებრივი“ გზით ხდება.
როგორც შავერდაშვილმა აღნიშნა, „მაესტრო“ არ არის პირველი შემთხვევა, ვინაიდან მანამდე ხელისუფლების ზეწოლის ობიექტი „გლობატ ტვ“ იყო.
„მაესტრო“ იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რასაც თავისუფალი ინფორმაციის გავრცელებისთვის ხელის შეშლა ჰქვია“- აღნიშნა შავერდაშვილმა.
„მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის თქმით, ამ ეტაპზე იურისტები საერთაშორსიო ორგანიზაციების სახელზე წერილის შედგენაზე მუშაობენ, სადაც მითითებული იქნება საერთაშორისო კონვენციების ის მუხლები, რომლებიც „მაესტროსთან“ მიმართებაში დაირღვა.
მისივე თქმით, ასევე, აღირიცხება ტელეკომპანიისთვის მიყენებული ზარალი, რაც ამ დროისთვის, დაახლოებით ნახევარი მილიონი აშშ დოლარია.
„მაესტროს“ იურისტები, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, პროკურატურას უახლოეს ხანებში მიმართავენ.
„მაესტროს“ ქონების დაყადაღებას მედიაორგანიზაციები ხვალ პარლამენტის წინ გააპროტესტებენ.
ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი 16 ათასამდე თეფში, ამდენივე მიმღები და თავაკი, რომელიც უკრაინიდან და თურქეთიდან შემოდიოდა, პროკურატურამ საზღვარზე დააყადაღა.

ბეჭდვა