„თიბისი ბანკის“ განცხადებით, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება სიმართლეს არ
შეესაბამება და მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას წარმოადგენს.
თიბისი ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, თიბისი ბანკისთვის კლიენტების ნდობა უმთავრესი მნიშვნელობისაა, ასევე, მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
ბანკი კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას უმაღლესი სიმკაცრით იცავს.
ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. თიბისი ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება.
თიბისი ბანკი აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს.
