განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციასთან დაკავშირებით
რექტორთა საბჭოსა და ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიზანია, ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული დრო მიეცეთ იმ უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც 2018-2019 წლებში გასდით ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა.
„საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს რექტორთა საბჭოს წარმომადგენლების აბსოლუტური მხარდაჭერა დამატებითი ვადის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრაზე დაისვა კითხვები, როგორ შეიძლება დაბალანსდეს ეს პროცესი უკვე ავტორიზაციაგავლილი უნივერსიტეტებისთვის; გავითვალისწინებთ თუ არა ავტორიზაციის პერიოდს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხზეც, რომელიც განსხვავებული რეჟიმით მიმდინარეობს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, არსებობს მნიშვნელოვანი ხარისხობრივი პრობლემები, ასევე, სუბიექტივიზმის რისკები, რომელიც ხორციელდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ENQA-ს (ევროპის ასოციაციის) ჩართულობით აღნიშნული პროცესების დახვეწაზე. შემდეგი ეტაპი იქნება 2 ოქტომბერს. კერძოდ, გაიმართება დამატებითი კონსულტაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, როგორ შეიძლება დამაბალანსებელი ფაქტორების დამატება აღნიშნულ ინიციატივაზე. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში პლენარულ სესიაზეც პარლამენტი ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მისი ინფორმაციით, იმ უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობის, რომელმაც ვერ მიიღიო ავტორიზაცია, შეფასება მოხდა არა ახალი, არამედ 2017 წლამდე მოქმედი სტანდარტით.
„ის სტანდარტები ხარისხობრივად იყო ბევრად უფრო დაბალი მოთხოვნების. ეს ორი პროცესი არ შეიძლება გაიგივდეს ერთმანეთთან. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე,რომ ევროპული სტანდარტის დანერგვის პარალელურად, თუკი რომელიმე უნივერსიტეტი თვლის, რომ მზად არის ახალი სტანდარტის დასანერგად, როდის შეძლებს რეავტორიზაციის პროცესის გავლას. თავად სტანდარტების დანერგვის შეჩერება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ძირითადი შენიშვნები კანონპროექტის მიმართ, რაც კოლეგების მხრიდან მოდიოდა, არის ის, რომ სტანდარტების შესაბამისობის შესაფასებელი ინსტრუმენტი არ არის დახვეწილი და ტოვებს სუბიექტივიზმის ძალიან ფართო არეალს ექსპერტების მხრიდან.
„სწორედ ამიტომ გჭირდება შეფასების ინსტრუმენტების დახვეწა, რამდენად შესაბამისობაშია თითოეული უნივერსიტეტის სტანდარტი და რეალური მოცემულობა. გვჭირდება უფრო მეტი სასწავლო პროცესი თავად ხარისხის უზრუნველყოფის მართვის სამსახურებისთვის. ეს არ არის მარტივი პროცესი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მისი მოსაზრებით, აქცენტები უნდა იყოს უნივერსიტეტების მხარდაჭერაზე, კოლეგიალობაზე და არა მკაცრ კონტროლსა და მონიტორინგზე.
კომიტეტის თავმჯდომარე იზიარებს მოადგილის, ნუკრი ქანთარიას მოსაზრებას, რომ უნდა მოხდეს კანონპროექტში დამაბალანსებელი ფაქტორის შემოტანა, რამდენადაც წარმატებით ავტორიზაციაგავლილი უნივერსიტეტებისთვის იყო თანაბარი პირობები.
„მათ შესაძლოა დამატებითი საკომპენსაციო ფაქტორი მიენიჭოთ, თუმცა ეს არის საკითხი, რომელზეც მსჯელობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
