"იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის
ახალი სიცოცხლის მინიჭება" - იტალიის საელჩოსა და იტალიის კვლევების საბჭოს (CNR) მიერ ჩაფიქრებული და ორგანიზებული ვორქშოპია, რომელიც იმართება 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით. მულტიმედიური გამოფენები, 3D პროექცია, ვირტუალური რეალობა, ბიოლოგიურ არქივებად ქცეული არტეფაქტები, გამოსახულებების დიგიტალიზაცია და მათი შედარებითი შესწავლა - ესენია ვირქშოპისა და მასზე წარმოდგენილი პრეზენტაციების მთავარი თემები. იტალიის კვლევების საბჭოსა და უნივერსიტეტის გარდა, ღონისძიების მონაწილენი არიან ისეთი მოწინავე იტალიური კომპანიები, როგორიცაა ETT, Centrica და Cose belle d’Italia. ვირტუალური და ინტერაქტიური ტექნოლოგიები სახეს უცვლის არა მხოლოდ მუზეუმის როლსა და ფუნქციებს, არამედ კვლევით მეთოდებსაც. 21-ე საუკუნეში არქეოლოგის ფიგურა გასხვავებული სპეციალიზაციის მქონე მეცნიერთა ჯგუფმა ჩაანაცვლა, ყველაზე დახვეწილი ხელოვნების ნიმუშიც კი უძრავ საგანს აღარ წარმოადგენს. ციფრული ტექნოლოგიები ის ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება სულ უფრო მეტი დამთვალიერებლის მოზიდვისა და ექსპონატსა და მნახველს შორის მანძილის შემცირებისთვის.
ვორქშოპი გაიმართება დღეს, 10:00 საათიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის "აუდიტორიუმში".
"ეს ღონისძიება თხრობის ხელოვნებაზე პირველია იმ სემინართა სერიიდან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას მიეძღვნება. ამჟამად ვმუშაობთ სხვა ვორქშოპების ორგანიზებაზე, რომლებიც დაკავშირებული იქნება მუზეუმების დაგეგმვასთან, ურბანული სივრცეების გარდაქმნასა და კონსერვაციასთან, რაც იმის დასტური იქნება, რომ ცოდნის დარგები მჭიდროდ არიან ურთიერთდაკავშირებულნი, ხოლო ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების განცალკევება უკვე მოძველებული მიდგომაა. მადლობას ვუხდი იტალიის კვლევების საბჭოსა და ქართულ ინსტიტუციებს, რომლებიც ამ ინიციატივაში ჩაერთვნენ. მისი მიზანია ორივე ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში საუკეთესო იტალიური გამოცდილების წარმოჩინება და გაზიარება. ეს სამომავლო თანამშრომლობისთვის ნაყოფიერი ნიადაგია", - განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.
ღონისძიების პროგრამასა და მონაწილეებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საელჩოს ვებ-გვერდზე:
https://ambtbilisi.esteri.it/Ambasciata_Tbilisi/ka/ambasciata/news/dall_ambasciata/nuove-tecnologie-per-il-patrimonio.html
