მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმართვა შეიტანეს
მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმართვა შეიტანეს
16:15 23.07.2012
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიერ შემუშავებული მიმართვა გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, რადიო „უცნობის“ ხელმძღვანელმა ბასა ჯანიკაშვილმა, „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ  და „მედიაგერთიანების“ წარმომადგენელმა ზვიად გელაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს შეიტანეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ლაშა ტუღუშმა განუცხადა, ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი ანტენების დაყადაღების შესახებ კიდევ რამდენიმე დოკუმენტი მზადდება, რომლებსაც სხვადასხვა უწყებებს წარუდგენენ.
„მანამდე, კიდევ რამდენიმე აქცია გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის ერთი პარლამენტთან. ვგეგმავთ გავავრცელოთ ეს მიმართვა და უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადავუგზავნოთ“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ტუღუშმა.
ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართვა 21 ივლისს შეიმუშავეს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ "მაესტროსთვის" ტექნიკის უკანონოდ ჩამორთმევამ, ერთის მხრივ, შელახა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მეორეს მხრივ, ადამიანის უფლება, მიიღოს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აზრი და ინფორმაცია.

„პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რაც შემდეგ სასამართლომ გაიზიარა, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ გაცხადებული დემოკრატიული განვითარების პრინციპებთან და ხელს უშლის მოქალაქეების მიერ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
ჩვენ ამას აღვიქვამთ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. მოვითხოვთ დაუყოვლებლივ მოიხსნას ყადაღა „მაესტროს" კუთვნილ ქონებაზე და დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს"- ნათქვამია მიმართვაში.

ბეჭდვა