ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას “მონიტორის” გაქურდვის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას “მონიტორის” გაქურდვის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს
15:20 23.07.2012
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას სტუდია „მონიტორის” ოფისის გაქურდვის ფაქტის  დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.
როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „მონიტორის“ გაძარცვის ფაქტი დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაზე უმძიმესი დარტყმაა.
„ძალზე მძიმეა, როცა წლობით შექმნილი სტუდია ერთ დღეში ნადგურდება და საგამოძიებო საქმიანობით დაკავებული ჟურნალისტები ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე რჩებიან“ - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
ჟურნალისტთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ქარტია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, გაატარონ მაქსიმალურად ეფექტური ზომები დამნაშავეთა გამოსავლენად და პასუხისმგებლობაში მისაცემად.
სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებს გუშინ ოფისი გაქურდული დახვდათ. დაკარგულია ექვსი პერსონალური კომპიუტერი, ორი სამონტაჟო აპარატურა, ორი ვიდეოკამერა, შტატივი და ფლიპ-კამერა. აპარატურასთან ერთად წაღებულია ჟურნალისტების სამუშაო მასალები. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ბეჭდვა