მიხეილ ბატიაშვილი: წელს მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც რეფორმების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს
მიხეილ ბატიაშვილი: წელს მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც რეფორმების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს
16:35 17.09.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს თბილისის 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. 150-ე სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც მინისტრის მიერ ინიცირებული სწავლების ახალი მოდელი საპილოტე რეჟიმში დაინერგა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ სწავლების ახალი მეთოდი წარმატებული იქნება და ძალიან სწრაფად სხვა საჯარო სკოლებშიც დაინერგება.

„ახალი მოდელი ითვალისწინებს კომპლექსურ მიდგომას და მოიცავს ბევრ მიმართულებას, მათ შორის, ახლებურ მიდგომებს გაკვეთილის პროცესში, იგულისხმება უფრო მეტი ანალიზის შემოტანა, რადგან თანამედროვე ბავშვს სჭირდება მსჯელობის, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება და რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიები, ინოვაციები, რომელიც დაინერგება სკოლაში. ახალი სასწავლო წლიდან საკმაოდ ბევრი სიახლე გველოდება, რომელიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოს სკოლების განვითარებას. პროცესები ეტაპობრივად განვითარდება, დაწყებითი კლასებიდან დაიწყება და მაღალ კლასებში გავრცელდება. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი სკოლა და ამ მოდელს ეტაპობრივად განვავითარებთ სხვა სკოლებშიც“ - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაანონსებული რეფორემები არა მხოლოდ ზოგადი განათლების, არამედ ყველა მიმართულებით განხორციელდება.

ბეჭდვა