უფლებადამცველი დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას მფლობელობაში
არსებული ქონება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს.
მისი თქმით, ალასანია, რომელიც შვილის გაპრეზიდენტებამდე რიგითი მეცნიერი იყო და მისი ხელფასი 300-დან 400 ლარამდე მერყეობდა, დღეს საუნივერსიტეტო ბიზნესის ერთ-ერთი მაგანტია.
ცაგურია ალასანიას მიერ ქონების შეძენის გზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის დედამ ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები, ასევე, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ქონება სიმბოლურ ფასად მოიპოვა.
მისივე თქმით, 2004 წლის 21 ივლისს გიული ალასანიამ და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ერთობლივად დააფუძნეს „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა“, რომელიც მალე ინსტიტუტად გადაკეთდა. ხოლო მოგვიანებით, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თავისი 10%-იანი წილი პრეზიდენტის დედას 200 ლარად დაუთმო და დამფუძნებელთა რიგებიდან გავიდა.
„2007 წლის 17 მაისს ეკონომიკის სამინისტრომ 6 375 კვ.მ შენობა-ნაგებობა და 2 195 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1 220 000 დოლარად გადასცა გიული ალასანიას, 2007 წლის 16 ივნისს კი, 305 000 დოლარად - 9 273კვ.მ მიწის ნაკვეთი“ - აცხადებს ცაგურია.
მისვე თქმით, 2011 წლის 5 დეკემბერს ლევან ვარშალომიძემ გიული ალასანიას 987 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული 1 556 კვ.მ შენობა-ნაგებობითა და ინვენტარით 1 ლარად გადასცა.
დღესვე, ცაგურია ჟურნალისტებისთვის ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში პრეს-ტურის მოწყობას გეგმავს, რათა, მისი თქმით, ალასანიას საკუთრებაში არსებული ქონება დაათვალიერებინოს.
