„თბილსერვის ჯგუფი“ "რუსთავი2"-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
„თბილსერვის ჯგუფი“ "რუსთავი2"-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
11:59 25.08.2018
„თბილსერვის ჯგუფი“ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „გიგანტური ბორბლის“ განათებისთვის 2 მილიონი ლარი დახარჯა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და „თბილსერვის ჯგუფს“ არ გაუფორმებია ხელშეკრულება არცერთ კომპანიასთან. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტი აგებული იყო დეზინფორმაციაზე და ემსახურებოდა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, „თბილსერვისმა“ ჩაატარა ფასთა კვლევა, რათა დაედგინა გასანათებელი საშუალებების მიწოდებისა და მონტაჟის ღირებულება. აღნიშნულ ფასთა კვლევაში ორმა უმსხვილესმა კომპანიამ - Philips და IGuzzini მიიღო მონაწილეობა, თუმცა მომსახურება მერიას და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს არ შეუსყიდია.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში და მიაწოდეთ საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია"-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა