ყოველი ადამიანი თავისუფალი არსებაა და უფლება აქვს საკუთარი აზრი გამოთქვას - ამის შესახებ სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ადამიანები საგრძნობლად შეცვლილები და პოლიტიზებულები არიან, რაც დაუშვებელია და უარყოფითი შედეგები მოაქვს, როგორც მათთვის, ისე ქვეყნისთვის.
„მინდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ფასეულობები „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ და „მამული, ენა, სარწმუნეობა“ - ჩვენ ამას უნდა ვიცავდეთ“ - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა ესა თუ ის ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირი, საკუთარ აზრს გამოთქვამს, რის გამოც მას მტრად მიიჩნევენ.
პატრიარქს მიიჩანია, რომ ასეთი რამ დაუშვებელია, რადგან ყველას მათ შორის სასულიერო პირებს, ამის უფლება აქვთ.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ქართული პრესა უკანასკნელ ხანებში სასულიერო პირებზე აქტიურად წერს. ამის მაგალითად, მან მეუფე იობი, მამა ტარიელი და სხვები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ადამინებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს და ამის გამო, მათი მტრებად შერაცხვა დაუშვებელია.
„ისინი ჩვენი სამშობლოს ისეთივე შვილები არიან, როგორც ჩვენ ყველა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ადამიანს აქვს უფლება თავისი ფიქრები სიტყვებით გამოთქვას, ამიტომ, მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს ნუ ჰყოფენ ხალხს. ეს ხალხის დაყოფაა“ - ბრძანა ილია მეორემ.
მისივე თქმით, თუ რომელიმე სასულიერო პირი რაიმე შეკრებაზე მივა, ამით არაფერი დაშავდება.
„რა თქმა უნდა, სინოდმა დაადგინა და მეც სულ ვარიგებ ჩვენს სამღვდელოებას, რომ თქვენი იქ მისვლით თითქოს მხარს უჭერთ მათ. გვეყო დაპირისპირება“,- ბრძანა პატრიარქმა და აქვე დასძინა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც არ უნდა უჭერდეს ის მხარს - ეს იქნება მთავრობა თუ ოპოზიცია, ცოდვილი თუ მართალი, ეკლესიის სულიერი შვილია.
„მინდა მამა-შვილური სიყვარულით გთხოვოთ ყველას, როცა ასე ლაპარაკობთ გახსოვდეთ, რომ თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა“ - ბრძანა ილია მეორემ და დასძინა, რომ საკუთარ გამოთქმებში ზღვარის დაცვა ყველას ევალება.
