„მაესტროს“ ანტენებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით მედიასაშუალებების წარმომადგენლები სპეციალურ კამპანიას იწყებენ
„მაესტროს“ ანტენებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით მედიასაშუალებების წარმომადგენლები სპეციალურ კამპანიას იწყებენ
14:26 21.07.2012
მედიასაშუალებების წარმომადგენლები ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენებისთვის ყადაღის მოხსნის მოთხოვნით დღეიდან  სპეციალურ კამპანიას იწყებენ.
ამის შესახებ გადაწყვეტილება მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა დღეს „თბილისი მარიოტში“ „მაესტროს“ ორგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობისას მიიღეს.
მათი თქმით, კამპანია არ შეწყდება მანამ, სანამ შედეგს არ მიაღწევენ და არ მოხდება „მაესტროსთვის“ კუთვნილი ქონების დაბრუნება.
„ჩვენ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ სამართლიანობა აღდგეს. მოეხსნას ყადაღა და დაუბრუნდეს „მაესტროს“ კუთვნილი ანტენები. ეს კამპანია არ შეწყდება მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ“ - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა და დასძინა, რომ კამპანიის ფარგლებში ჩატარდება აქციები, შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებები.
მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა კამპანიის ფარგლებში პირველი ღონისძიებაც დაგეგმეს - ისინი 25 ივლისს, 17 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ, ხოლო 23 ივლისს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაბრუნების მოთხოვნით განცხადებებს შეიტანენ.
„ეს არ არის „მხოლოდ მეასტროს“ პრობლემა, ეს საზოგადოების პრობლემაა და მიგვაჩნია, რომ „მაესტროსთვის“ ქონების დაყადაღება მხოლოდ ინფორმაციის შეზღუდვას ემსახურება. სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვდივართ მედიასაშუალებების წარმომადგენლები და ამ საქმეს არ დავანებებთ თავს, სანამ არ გვექნება შედეგი. ეს ძალიან პრინციპული საკითხია“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
მედიასაშუალებების წარმომადგენლები ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დღეს 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. მათ სპეციალური მიმართვაც შეიმუშავეს, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 20-მდე მედიასაშუალების ხელმძღვანელი აწერს.
საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიმართვის საფუძველზე „მაესტროს“ სატელიტური ანტენები 11 ივლისს დააყადაღა.

ბეჭდვა