„Summer Job”-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში დასაქმებული სტუდენტების უმრავლესობამ აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზაფხულის არდადეგებზე დასაქმებული 25 000 სტუდენტიდან, კახეთში გამოყოფილ ვაკანსიებზე 800-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა.
ერთი თვის განმავლობაში მათ წინასწარ შერჩეული სხვადასხვა კეტეგორიის დავალებები უნდა შეესრულებინათ, მაგრამ კახეთში განვითარებული მოვლენების გამო ისინი დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში სტუდენტები 70-მდე სფეროში - სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში და სხვა ადგილებში დასაქმდნენ. პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 20 ივლისს ამოქმედდა და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები მონაწილეობენ.
