დღეს ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა
დღეს ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა
09:27 02.08.2018
მართლმადიდენელი ქრისტიანები დღეს ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს ზეიმობენ.
ელია წინასწარმეტყველი ქართველებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გადმოცემით, მისი სასწაულთქმოქმედი ხალენი (მოსასხამი) საქართველოში, მცხეთაშია დავანებული. ძველ აღთქმაში რამდენჯერმეა ნახსენები ელია წინასწარმეტყველის ხალენი. ბოლოს უფლის ნებით, ელია წინასწარმეტყველმა მისი ცეცხლოვანი ეტლებით ზეცაში ატაცების წინ, თავისი ხალენი მოწაფეს, ელისე წინასწარმეტყველს დაუტოვა. გავიდა დრო და ებრაელთა ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომელიც იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა, წმინდა ელიას ხალენი საქართველოში მოაბრძანა.
საეკლესიო სწავლების მიხედვით მეორედ მოსვლამდე ელია წინასწარმეტყველი უნდა მოვიდეს ამ ქვეყნად ენოქ წინასწარმეტყველთან ერთად,ანტიქრისტეს სამხილებლად.
ელია წინასწარმეტყველი სიყმაწვილიდანვე ძალიან მორწმუნე იყო. იგი უდაბნოში განმარტოვდა და ღმერთს მიუძღვნა თავი.
როცა ისრაელში გამეფდა უწმინდური კაცი აქაბი, რომელსაც ცოლად კერპთაყვანისმცემელი იეზაბელი ჰყავდა, ჭეშმარიტი რწმენის მოწინააღმდეგე.
სწორედ იმ დროს მოუვლინა უფალმა წინასწარმეტყველად ისრაელს ელია თეზბიტელი...
იგი უფლის ნებით არა ერთ სასწაულს ახდენდა და ხალხს მოუწოდებდა ჭეშმარიტი ღმერთის რწმენისაკენ. მაგრამ ბევრი გადაუდგა უფალს. მაშინ ღმერთმა დასაჯა ისრაელიანები - სამწლინახევრის მანძილზე ისრაელში არ მოვიდა წვიმა და გვალვებმა ყველაფერი გაანადგურა. უფალმა ელიას უბრძანა აქაბის დევნას უდაბურ მხარეში დამალვოდა. ყორანი უზიდავდა ელიას ხორცსა და პურს. წყალს კი ნაკადულიდან სვამდა.
შემდეგ ღვთის სახელით წინასწარმეტყველმა ელიამ არა ერთი სასწაული მოახდინა... მკვდრეთით არადგინა თავისი მასპინძლის, ქვრივი დედაკაცის შვილი. ამ ქვრივი ქალის ოჯახში პურს ყოველდღე აცხობდნენ, მაგრამ ფქვილი და ზეთი არ თავდებოდა.
შემდეგ, უფლის ნებით. ელია წინასწარმეტყველმა კერპ ბაალის მსახურები დაამარცხა და ყველას დაანახა ჭეშმარიტება. ამის შემდეგ გაწვიმდა კიდეც... მეფე თითქოს დარწმუნდა, მაგრამ წარმართმა დედოფალმა კვლავ განაგრძო წინასწარმეტყველის დევნა. თუმცა უფალმა თავისი წინასწარმეტყველი გაარიდა.
ელია თეზბიტელმა ღვთის ბრძანებით წინასწარმეტყველად დაადგინა ელისე, როგორც ვთქვით, მასვე დაუტოვა თავისი ხალენი, თვითონ კი ზეცად იქნა ატაცებული ცეცხლოვანი ეტლებით.

ბეჭდვა