პარტია „ახალი მემარჯვეები“ სტიქიის შედეგების თავიდან ასაცილებლად ახალი ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ თელავში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებს საშუალებით სეტყვის თავიდან აცილება 100% -ით შესაძლებელია.
როგორც ჩიხრაძემ განმარტა, არსებობს ე.წ. სეტყვის საწინააღმდეგო არტილერია, რომლის მსგავსი - „ალაზნის“ ტიპის სარაკეტო დანადგარები საბჭოთა საქართველოშიც არსებობდა.
„დღეს თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ძირითადად 2 ტიპის ამგვარი დანადგარი გამოიყენება: სარაკეტო – „ალაზნის“ ტიპის და გაზის – ზენიტის ტიპის, რომელთა მართვა თანამგზავრული სისტემით GPRS – ით ხდება. სავარაუდოდ, უხეში დათვლით, თელავის სავარგულებს 2 ასეთი დანადგარი ეყოფოდა. თითო დანადგარის ღირებულება 50 000 აშშ დოლარს არ აღემატება, ხოლო ყოველწლიური მომსახურება 500 დოლარამდე ჯდება“- განაცხადა ჩიხრაძემ და დასძინა, რომ ეს პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში, სადაც ფერმერული მეურნეობები არსებობს.
ჩიხრაძის თქმით, აუცილებელია სავარგულების აღრიცხვა, ფართობების დათვლა და დანადგარებისთვის შესაბამისი თანხის გამოყოფა, რათა გლეხების დიდმა ნაწილმა სტიქიისგან უკვე მიყენებული და მოსალოდნელი ზარალის შიშით საერთოდ არ აიღოს ხელი სოფლის მეურნეობის და მიწის დამუშავებაზე.
