თბილისში ამომრჩეველთა ერთიან სიაში უზუსტობა 17-22%-ია
თბილისში ამომრჩეველთა ერთიან სიაში უზუსტობა 17-22%-ია
14:01 20.07.2012
ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თბილისის მონაცემების მიხედვით, უზუსტობა 17-22%-ს შეადგენს. ამის შესახებ „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ჟურნალისტებს ალტერნატიული „კარდაკარის“ კამპანიის შედეგები გააცნო.
როგორც გუნცაძემ აღნიშნა, ალტერნატიული „კარდაკარის“ პროცესი თბილისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. საველე სამუშაოების 85% უკვე შესრულებულია.
მისი თქმით, თბილისის მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება - აღწერილია 616 901 ამომრჩეველი, აქედან გარდაცვლილია - 20 386, უცხოეთში იმყოფება - 34 499, დაუდგენელია - 85 445, მათ შორის - 17 909 ამომრჩევლის მისამართი არ იძებნება, ხოლო 7 906 მოქალაქე სიაში არ არის. სულ, უზუსტობა 132 236 ამომრჩეველს ანუ 17-22%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ზუგდიდს, აქ აღწერილია 42 380 ამომრჩეველი. გარდაცვლილია - 318, უცხოეთში იმყოფება - 1 046, დაუდგენელია - 6 311, მათ შორის - 1 446 ამომრჩევლის მისამართი არ იძებნება, ხოლო 704 მათგანი სიაში არ არის. სულ, უზუსტობა 8 442 ამომრჩეველს, ანუ 18-19%-ს შეადგენს.
გუნცაძემ თბილისის ზოგიერთ უბანში კონკრეტული მისამართები დაასახელა, რომლებიც არ იძებნება, თუმცა, ათობით ადამიანია მიწერილი.
„ამომრჩეველთა ლიგის“ ალტერნატიული „კარდაკარის“ საბოლოო შედეგი დაახლოებით ათ დღეში დაიდება და ის ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას ეცნობება.

ბეჭდვა