საქართველოს მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა
16:13 26.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები ინერგება.
მისივე თქმით, ეს ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით შეფასების საშუალებას იძლევა.
„ჩვენ მივიღეთ ევროპული დონის სტანდარტი ჰაერში ზღვრული ნორმების შესახებ, დამაბინძურებლების ზღვრული ნორმების შესახებ, აქ განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლების ზღვრები, მათ შორის მძიმე მეტალების და დიოქსიდების. დღეიდან, როდესაც გვექნება ატმოსფერული ჰაერის შეფასება, შესაძლებლობა გვექნება, რომ ატმოსფერული ჰაერი შევაფასოთ ევროპული პრინციპების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი, ეკოლოგიური პოლიტიკის ნაწილია, ერთ -ერთი ნაბიჯი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი აქტიურად საუბრობს და უახლოეს ხანებში წარმოგიდგენთ ძალიან კომპლექსურ პრეზენტაციას, საქართველოში ზოგადად, მწვანე პოლიტიკის, მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის და მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს, როგორც ლოკალური ასევე მობილური სადგურების მეშვეობით და ასევე მუშაობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განახლება-გაფართოებაზე.
„ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. ამასთან, ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს.
ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარება ვებ პორტალი სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება, კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით“- განაცხადა დავითაშვილმა.


ბეჭდვა