საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გელა სამხარაულის განცხადებით, საზოგადოებრივი
ტრანსპორტი და ზოგადად, მოწესრიგებული სატრანსპორტო ინდუსტრია ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის, მიმზიდველობის, ეკონომიკური განვითარების, ქალაქური ცხოვრების დონის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი სოციალური რესურსია.
"სატრანსპორტო სისტემების მუშაობა ერთგვარად განსაზღვრავს საზოგადოების მდგომარეობას.
დღეს ჩვენი სატრანსპორტო კულტურა ძირითადად კერძო ავტომობილებზეა აქცენტირებული და სამწუხაროდ, გახდა სოციალური სტატუსის განმსაზღვრელიც კი. ავტომობილების სიმრავლე, გაუმართავი საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა, შექმნილი საცობები, პარკინგის პრობლემები, ქალაქში ალტერნატიული ტრანსპორტისთვის ადგილს არ ტოვებს, შეუძლებელი ხდება ქვეითად გადაადგილება. პრობლემები იქმნება ტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის ხარისხის დაბინძურების და ურბანული სივრცეების შემცირების თვალსაზრისითაც.
ყველა ამ გამოწვევის ფონზე, ვფიქრობ, რომ დედაქალაქის მერის, კახი კალაძის მიერ, წარდგენილი ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა არის თბილისის განვითარებისთვის გადადგმული სასიცოცხლოდ აუცილებელი და დროული ნაბიჯი. ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებს სიჩქარის, კომფორტის, ეკონომიურობის მიღწევის, ოპერატიულობის, ეკოლოგიურობის მოთხოვნებს და ჩვენს მოქალაქეებს გარანტირებულად მისცემს სწრაფად და რაც მთავარია უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას.
ამ გეგმის მიხედვით სისტემურად განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა კომპონენტი: მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები, მოეწყობა ავტობუსის ზოლები, ამოქმედდება პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის საპილოტე პროგრამა. ნაკადების მართვა „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედებით, „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით გაკონტროლდება. სრულად ჩანაცვლდება ამორტიზებული ავტობუსები და მათი რაოდენობა 2020 წლისთვის 900 ერთეულამდე გაიზრდება. სავალდებულო ხდება ტაქსების რეგისტრაცია.
შემოთავაზებული ცვლილებებით კარგად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ურბანული პოლიტიკა. შემოთავაზებული სატრანსპორტო რეგულაციებიც, თბილისის განვითარების პროგრამის ნაწილია,რომელიც დედაქალაქის ურბანიაზაციაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს და კიდევ უფრო მიმზიდველ ქალაქად აქცევს მას"-აცხადებს დეპუტატი.
