განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ
ბატიაშვილმა განმარტა, რომ აუცილებელია სფეროს განვითრების სტრატეგიის დამტკიცება, რომელზეც დარგის სპეციალისტები და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებენ. მისი თქმით, აუცილებელია იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებსაც სპორტის განვითარების თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკა აქვთ და პარალელურ რეჟიმში, აუცილებელია საქართველოს ყველა რეგიონში დასრულდეს კონკრეტული საჭიროებების შესწავლა.
„ამ ორი მიმართულებით ინფორმაციის გააზრება და ანალიზი კი შესაძლებელს გახდის შემუშავდეს სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული რეალისტური სტრატეგია, რომლის საშუალებითაც ავირიდებთ თავიდან დარგის ქაოტურ განვითარებას და რესურსების არაეფექტურ გადანაწილებას“ - განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა. მისივე განცხადებით, აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რა მიმართულებითაც მუშაობა უკვე დაწყებულია.
