თსუ-ში გოჩა ჯაფარიძის წიგნის „ძიებანის“ პრეზენტაცია გაიმართება
თსუ-ში გოჩა ჯაფარიძის წიგნის „ძიებანის“ პრეზენტაცია გაიმართება
09:12 20.07.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, გოჩა ჯაფარიძის წიგნის „ძიებანის“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კრებულში თავმოყრილია სტატიები საქართველოსა და ახლო ამოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის საკითხებზე, ასევე, საქართველოში ისლამის გავრცელებაზე, გენეალოგიურ, ონომასტიკურ და ტოპონიმიკურ ძიებებზე, ქართული დიპლომატიის ისტორიაზე, ქრონოლოგიაზე, ქართულ და ისლამურ ნუმიზმატიკასა და მეტროლოგიაზე, ქართული და უცხოური სამეცნიერო ნაშრომების მიმოხილვები და რეცენზიები.
კვლევა შესრულებულია ქართული და აღმოსავლური, უმეტესად, არაბული (ნარატიული, ეპიგრაფიკული, დოკუმენტური, ნუმიზმატიკური) წყაროების საფუძველზე.
გოჩა ჯაფარიძეს გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, ევროპულ და არაბულ ენებზე, მათ შორისაა მონოგრაფიები: ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო მეთორმეტე და მეცამეტე საუკუნეების პირველ მესამედში, ცნობარები თანამედროვე არაბული ქვეყნების შესახებ.

ბეჭდვა