ქართველი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის საცხოვრებელი სახლის კედელზე, რამაზ და ნატალია ჩხიკვაძეების მემორიალური დაფა გაიხსნა.
ცერემონიას თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა დაესწრო.
თბილისის მერის ინიციატივით, ვაკეში მდებარე ქუჩას, სადაც რამაზ ჩხიკვაძის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს, მსახიობის სახელიც მიენიჭა.
რამაზ ჩხიკვაძეს დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა. რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული საღამო "თეატრი ბედისწერაა" გაიმართება.
რამაზ ჩხიკვაძე რუსთაველის თეატრში 1951 წლიდან მუშაობდა, სადაც უამრავი სხვადასხვა როლი შეასრულა, მათ შორის სპექტაკლებში - "ჭინჭრაქა", "მეფე ლირი", "კავკასიური ცარცის წრე", "ყვარყვარე". ამასთანავე, მსახიობს 41 კინოროლი აქვს შესრულებული.
1961 წელს მას საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1972 წელს სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.
რამაზ ჩხიკვაძე გასულ წელს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
