თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიატორთა ტრენინგები დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ტრენინგი იმ კანდიდატებისთვის ტარდება, რომელთაც სასამართლო მედიაციის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს.
კონკურსის შედეგად სულ 21 კანდიდატი შეირჩა.
მომავალ მედიატორებს ტრენინგებს მედიაციის დარგში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია CEDR (დავების ეფექტური გადაწყვეტის ცენტრი - ლონდონი) უტარებს.
ტრენინგების პირველი ეტაპი 19-21 და 23-24 ივლისს ჩატარდება, მეორე ეტაპი კი აგვისტოს ბოლოს გაიმართება.
ტრენინგების დასრულების შემდეგ მედიატორები მედიაციის პროცესებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის საპილოტე პროექტის ფარგლებში წარმართავენ.
