საქართველო კავკასიის ახალგაზრდული საბჭოს პირველ სხდომას მასპინძლობს
საქართველო კავკასიის ახალგაზრდული საბჭოს პირველ სხდომას მასპინძლობს
12:46 19.07.2012
ახალგაზრდული ორგანიზაცია - „გამა პრო ბონო ჯგუფისა” და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ინიციატივით, დღეს  ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში „კავკასიის ახალგაზრდული საბჭოს“ პირველი სხდომა გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, „კავკასიის ახალგაზრდული საბჭოს“ სხდომაში სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან 40 ახალგაზრდა მონაწილეობს.
საელჩოს ინფორმაციით, პროექტი კავკასიელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და რეგიონისთვის აქტუალური პრობლემების განხილვას ისახავს მიზნად.
სესიაზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ეკონომიკური ზრდის, კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა მსგავსი საკითხების განხილვა იგეგმება.
აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი რეკომენდაციებიც მომზადდება, რომელიც პეტიციის სახით სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარედგინება.
პროექტის პირველ დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ექსპერტები კორუფციის, თავისუფალი მედიისა და ეფექტური საჯარო მმართველობის შესახებ სემინარებს ჩაატარებენ.
ღონისძიება 22 ივლისამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა