ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საერთაშორისო
სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ფორუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ARISC) ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.
ფორუმი 30 ივნისამდე გასტანს. ღონისძიების ფარგლებში 25-26 ივნისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, ხოლო 27-30 ივნისს - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი პროფესორები და მკვლევრები. საზაფხულო სკოლაში კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი ჩაერთვება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
