ლეკვეიშვილის განცხადებით, რუსთაველის თეატრის საძირკველის გამაგრებითი სამუშაოები „საქგვირაბმშენმა“ განახორციელა და არა ივანიშვილის კომპანიამ
ლეკვეიშვილის განცხადებით, რუსთაველის თეატრის საძირკველის გამაგრებითი სამუშაოები „საქგვირაბმშენმა“ განახორციელა და არა ივანიშვილის კომპანიამ
16:51 18.07.2012
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის საძირკველის გამაგრებითი სამუშაოები „ასოციაცია  ატუ“-ს ქვემოიჯარე კომპანია „ბურჯს“ არ განუხორციელებია - ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ატუ“-ს გენერალურმა დირექტორმა კარლო ლეკვეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსთაველის თეატრის გამაგრებითი სამუშაობი 1996 წელს მთავრობის თხოვნით, კონცერნმა „საქგვირაბმშენმა“ დაიწყო და მხოლოდ შენობის საძირკველის გამაგრება დაახლოებით 5 მლნ ლარი დაჯდა.

„გეოლოგების შესაბამისი დასკვნის და პროექტის გარეშე ფუნდამენტს ვერ გაამაგრებდნენ. უხარისხოდ რომ ყოფილიყო გაკეთებული, მას შემდეგ 16 წელი გავიდა და აქამდე უნდა დანგრეულიყო. რუსთაველის ტერიტორიაზე სხვა პრობლემაა - მიწისქვეშა წყლები, რომლებიც ქანებს რეცხავს და ეს არა მარტო თეატრის პრობლემაა, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სხვა შენობებისაც“ - აღნიშნა ლეკვეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობის მიმართვის საფუძველზე 2001 წლის აგვისტოდან 2003 წლის დეკემბრამდე, რუსთაველის თეატრის სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოები შპს „ინტერ-სერვისმა“ განახორცილა, რომლის ღირებულებამაც 3 682 902 ლარი შეადგინა.

2004-2005 წლებში კი, სარესტავრაციო სამუშაოები შპს „ბურჯმა“ გააგრძელა, რომელშიც 7 374 269 ლარი დაიხარჯა.

ლეკვეიშვილის თქმით, რუსთაველის თეატრის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე შპს „ბურჯის“ და შპს „ინტერ-სერვისის“ მიერ ჯამში 11 057 000 ლარია დახარჯული, საიდანაც 3 271 053 ლარი ახალი მოწყობილობა-დანადგარების შეძენას მოხმარდა. აღნიშნული თანხა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუდან“ გრანტის სახით არის გამოყოფილი.

„კომპანიებმა „ბურჯმა“ და „ინტერ-სერვისმა“ მხოლოდ სარემონტო სამუშაოები შეასრულეს და მათ ფუნდამენტთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ“ - განმარტა „ატუ“-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, „საქგვირაბმშენთან“ მათ არანაირი შეხება არ ჰქონიათ, შესაბამისად, კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებები მათთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას მტკიცებით, „რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ „ქველმოქმედებებს“ ყველა რემონტი თავიდან არის გასაკეთებელი“.

როგორც მან გუშინ განაცხადა, რუსთაველის თეატრში, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა კომპანიამ გაარემონტა, გაირკვა, რომ შენობის ნახევრის საფუძველი აბსურდული, აუხსნელი მიზეზების გამო, არ გაამაგრეს და ის ფაქტიურად ავარიულ მდგომარეობაშია.




ბეჭდვა