რამაზ საყვარელიძის თქმით, NDI-ს კვლევაში ბევრი მონაცემი არალოგიკურია
რამაზ საყვარელიძის თქმით, NDI-ს კვლევაში ბევრი მონაცემი არალოგიკურია
16:14 18.07.2012
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული  სოციოლოგიური კვლევის შედეგებში ბევრი არალოგიკური მონაცემია.

ამის შესახებ მან „ნიუსპრესს“ განუცხადა.

„არალოგიკურია, როცა გამოკითხულთა 75 პროცენტი არჩევნებზე წასვლას აპირებს, თუმცა, კითხვების დიდ ნაწილზე, მაგალითად, ვის მისცემს ხმას, ჯერ პასუხი არ აქვს“ - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, სოციოლოგიაში ხშირად აღნიშნავენ, რომ როდესაც გამოკითხვაში ამ ტიპის პასუხები - „არ გადამიწყვეტია“, „არ ვიცი“, „მიჭირს პაუხის გაცემა“ ძალიან ბევრია, ე.ი. რესპოდენტი გამოკითხვას არ ენდობა და რაღაცას უფრთხის.

„თუკი ის დამფრთხალია და გამოკითხვას არ ენდობა, მაშინ საერთოდ შედეგებია არეული და არაზუსტი“ - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ დარწმუნებულია, კვლევა რეალურ სურათს არ ასახავს.

მისივე განცხადებით, უზუსტობის მიზეზი არა კვლევის მეთოდოლოგია, არამედ ინტერვიუერები არიან.

„ზოგადად, რესპოდენტებს აქვთ ხოლმე ტენდენცია, ასიამოვნონ ინტერვიუერი და კითხვებს მათთვის სასურველი პასუხები გასცენ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კვლევაში პასუხები „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდაა, დიდი ეჭვი მაქვს, ინტერვიუერებმა რესპოდენტებს აგრძნობინეს, რომ მმართველი პარტიის ინტერესის გამტარებლები არიან“ - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ ეს ისეთ დეტალებში იკვეთება, როგორიცაა ინტერვიუერის გამომეტყველება, მისი რეაქცია და სხვა.

მისი თქმით, შედეგად კვლევა ტენდენციურ სურათს იძლევა, თუმცა, ხელისუფლებას ეს სურათი აწყობს.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპოდენტების 36% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, 18% - ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, 2% კი - სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასახელებს. ამასთან, 22%-მა არ იცის, მხარს ვის დაუჭერს, 16%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 4% კი, ხმის მიცემას არც ერთი პარტიისთვის არ აპირებს.

ასევე, კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე წასვლას რესპოდენტთა 75% გეგმავს, ხოლო ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, საარჩევნო უბანზე გამოკითხულთა 77% მივიდოდა. თუმცა, კითხვაზე - ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ რესპოდენტთა 25%-მა არ იცის ვის დაუჭერს მხარს, 22%-ს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სურს პრეზიდენტად, 20% ხმას ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მისცემდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ივნისიდან-22 ივნისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 6 299 მოქალაქე გამოიკითხა.

ბეჭდვა