გიორგი მარგველაშვილს სოციოლოგიური კვლევები შიშის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე არასანდოდ მიაჩნია
გიორგი მარგველაშვილს სოციოლოგიური კვლევები შიშის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე არასანდოდ მიაჩნია
14:40 18.07.2012
ექსპერტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა, რომელიც საზოგადოებაში არსებულ შიშის ფაქტორს არ ითვალისწინებს, მასში დასმულ კითხვებზე ამომწურავ პასუხს არ იძლევა.

ამის შესახებ მარგველაშვილმა „ნიუსპრესს“ NDI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა.

„ბოლომდე არ მესმის, როგორ შიძლება კვლევა ჩაატარო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გაუთვალისწინებლად, როგორიცაა რეპრესიის და შიშის ფაქტორი“ - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ეს ფაქტორი საკმაოდ მაღალი პროცენტულობით არსებობს.

„სანამ ეს ფაქტორი ცალკე არ გაიზომება, ნებისმიერი კვლევა ნაკლულია. ყველა სოციოლოგიური კვლევა, რაც მე აქამდე მინახავს, მას საერთოდ უგულებელყოფს“ - განაცხადა მან.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეალური სურათის მიღება კვლევაში გვერდითი მოვლენების გაუთვალისწინებლად, შეუძლებელია და მან ამის დასტურად მაგალითიც მოიყვანა.

„ჰაერის ტემპერატურის გაზომვის სტანდარტია, რომ ის ჩრდლში უნდა გაიზომოს. თუ მას ცხელ, გახურებულ ლითონზე გაზომავ, სხვა მონაცემი გექნება, რომელიც რეალობას ვერ ასახავს. სწორედ ასეთი ვითარებაა ამ შემთხვევშიც“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

შესაბამისად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ  ტენდენციებთან დაკავშირებით ასეთი კვლევები დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა 4-22 ივნისს, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა.


ბეჭდვა