„იუნისეფი“ - საქართველოში 16 წლამდე ასაკის 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
„იუნისეფი“ - საქართველოში 16 წლამდე ასაკის 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
13:21 18.07.2012
გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის ზღვარს  ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა 2009 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში 22%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობამ 28-დან 25 პროცენტამდე იკლო.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა, სადაც „იუნისეფმა“ სადისკუსიო დოკუმენტი „საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება“ წარმოადგინა.

დოკუმენტის თანახმად, სამომავლოდ განსახორციელებელ სოციალური დაცვის პროგრამებსა და მექანიზმებში აუცილებელია ბავშვთა ინტერესების დაცვის გათვალისწინება.

„საქართველოში 16 წლამდე ასაკის დაახლოებით 77 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. ის, რომ ზოგადად სიღარიბე შემცირდა და რეფორმებმა ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია, მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ საჭიროა, დამატებითი ინვესტიციები ყველაზე დაუცველი ბავშვების დასახმარებლად“ - განაცხადა „იუნისეფის“ წარმომადგენელმა საქართველოში რუნალდ მონაშმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად რეკომენდაციებია მოცემული, რომელიც მომავალ სამ-ხუთ წელზეა გათვლილი.

სადისკუსიო დოკუმენტი ვრცელ ანგარიშს - „ბავშვთა და მათი ოჯახების კეთილდღეობა საქართველოში“ ეფუძნება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს იორკის უნივერსიტეტსა და საქართველოს სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტთან თანამშრომლობით მომზადდა.



ბეჭდვა